მარნეულის სოფელ მეორე ქესალოში მოსახლეობა აქციას მართავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში მოსახლეობა აქციას მართავს. მათი თქმით, სასულიერო პირი მათ მიწების დამუშავებას უშლის.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ისინი ყოველწლიურად ამუშავებდნენ.
„ჩვენ ვამუშავებდით ამ მიწებს, 2020 წლიდან სახელმწიფოს მიწის გადასახადს ოფიციალურადაც ვუხდით, ამის დასტურად გვაქვს გადახდილი ქვითრებიც და ვისაც უნდა ვაჩვენებთ“, – ამბობენ ადგილობრივები.
სოფლის მოსახლეობას მარნეულის მერიის წარმომადგენლები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჟანიძე შეხვდნენ.
როგორც „რეგიონულ კვირას“ მარნეულის მერი მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.
“ამ დროისთვის მიწა გახლავთ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ბალანსზე, შესაბამისად ყველა გატარებული ქმედება იმ მიწაზე არის უკანონო. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ზემდგომი ორგანოები შევეცდებით, რომ გავერკვიოთ ვითარებაში და ერთი კვირის ვადაში დავუბრუნოთ მოსახლეობას და ეპარქიას პასუხი“, – გვითხრა ზაურ ტაბატაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც, განცხადებაში ვკითხულობთ, დიდი ქესალოს მიწის ნაკვეთები არასდროს ყოფილა მოსახლეობის საკუთრებაში.
„გვინდა გამოვეხმაუროთ “წითელი ხიდის” მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებულ მოვლენებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ შემდეგი : ზემოთ აღნიშნული სადავო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები არასოდეს ყოფილა კერძო საკუთრებაში და მოსახლეობის სარგებლობაში.ამ მიწებს,მრავალწლიანი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე,ფლობდა “მერაბ კოსტავას საზოგადოება” ,ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან,შეთანხმების საფუძველზე,მოვლა-პატრონობას ანხორციელებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია. ა.წ. 19(ცხრამეტ)იანვარს სოფ.ქესალოში მცხოვრებნი ე.მამედოვი,რ.ეფენდიევი და რ.ვალიევი თვითნებურად შეიჭრნენ და დაიწყეს მიწის ტექნიკით დამუშავება.აღნიშნული პროვოკაციული ქმედება და მათი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება ემსახურება ეკლესიის,კერძოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დისკრეტიდაციას. “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”,- წერია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განცხადებაში.