მეხანძრე-მაშველებმა დუშეთში დაკარგული 21 წლის ახალგაზრდა 80 მეტრის ხევიდან ამოიყვანეს
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიჩოდან, სოფელ ჭალის მიმართულებით, 21 წლის მოქალაქე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ახალგაზრდასთან ვერ ხერხდებოდა ტელეფონით დაკავშირება. დაკარგულის საძიებო სამუშაოები პოლიციამ დაიწყო, პროცესში, ასევე, ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები სოფლების დამაკავშირებელ გზებზე.
“რთული რელიეფის და დიდთოვლობის გამო, ტერიტორიაზე გადაადგილება ტრანსპორტის საშუალებით შეუძლებელი იყო, რის გამოც, მეხანძრე-მაშველებიპოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ოპერაციას ქვეითად ახორციელებდნენ. საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, მამაკაცი ხევში გადავარდნილი იპოვეს. ის უგონო მდგომარეობაში იყო, თუმცა აღენიშნებოდა სასიცოცხლო ნიშნები”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გამცხადებაში.
მეხანძრე-მაშველებმა 21 წლის ახალგაზრდა, დაახლოებით, 80 მეტრის სიღრმის ხევიდან ამოიყვანეს და სამანქანო გზამდე, დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე, საკაცის საშუალებით გამოიყვანეს.
ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდება.