გივი მეტრეველი: კახეთში 2020 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების 90% უკვე დასრულებულია
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოების და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, სკოლების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურა , წყლის სისტემის რეაბილიტაცია– ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რაც კახეთში 2020 წელს დაიწყო და პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა.
როგორც “რეგიონულ კვირას” კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა განუცხადა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების 90% უკვე შესრულებულია.
„კახეთის მასშტაბით, რეგიონული ფონდის დაფინანსებით, 52 000 000 ლარის ღირებულების პროექტების 90% დასრულებულია.
თელავში, გარდა რეგიონული ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიმდინარეობს მეორე ფაზა წყალმომარაგების სისტემის დასასრულებლად. ამ ეტაპზე, ალაზნის და კავკასიონის პროსპექტზე, მრავალსართულიანი საცხოვრებლებში ინდივიდუალური მრიცხველები მონტაჟდება, რაც დებეტის ზრდას გამოიწვევს და ამ ფაზის დასრულების შემდეგ თელავს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სკოლების რეაბილიტაცია ცალკე დაფინანსების წყაროა და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
კახეთში შვიდი საჯარო სკოლა შენდება, რომლის ძირითადი სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.
უკვე დასრულებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ზემო ბოდბეში 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა, სადაც სრულიად ახალი შენობა დაიდგა და წელს უკვე განახლებულ შენობაში დაიწყეს ბავშვებმა სწავლა”, – განაცხადა გივი მეტრეველმა.
ის მასშტაბური პროექტები, რომლის განხორციელებაც კახეთში გასულ, 2020 წელს დაიწყო, 2022 წლისთვის დასრულდება.
პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მათი ღირებულება ჯამში 52 000 000 ლარს შეადგენს.