ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე რუსთავი გახდება უფრო უსაფრთხო, ამასთან ცხოველეთა უფლებები იქნება უფრო დაცული

რუსთავში მიუსაფარ ცხოველთა მოვლის და მართვის ახალ მიდგომებზე მსჯელობენ. პირველ ეტაპზე, რუსთავისდა გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, იმ სამსახურის მუშაობის პროცესს გაეცნო, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტის კუთხით მუშაობს.

როგორც ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ძალიან მალე ქალაქის მერია გადადგამს ქმედით ნაბიჯებს იმისათვის რომ ქალაქი იყოს უფრო უსაფრთხო და ცხოველთა უფლებები იყოს დაცული.

„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის უპატონო ძაღლები, რომლებიც ჩვენს ქალაქშია. დღეის მონაცემებით, 7000-ზე მეტი უპატრონო ძაღლია ქალაქში. დღეს მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავეცანი ცხოველთა თავშესაფარს. ასევე ვაპირებ შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქალაქში მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემის მოგვარებისთვის მერია გადადგამს უფრო ქმედით ნაბიჯებს და ძალიან მალე ჩვენი ქალაქი გახდება უფრო უსაფრთხო და მეორეს მხრივ, ცხოველეთა უფლებები იქნება უფრო დაცული“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მიუსაფარი ძაღლების დროებითი თავშესაფარი, რუსთავში რამოდენიმე წელია არსებობს და ის, მუნიციპალური სამსახურის- ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის” ბაზაზე ფუნქციონირებს.

სამსახურში შექმნილია მიუსაფარი ძაღლების დროებითი თავშესაფარი, რომელიც თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური მეთოდების გამოყენებით ეწევა ცხოველთა ვეტერინარულ მონიტორინგს. შექმნილია ლაბორატორია, შესაბამისი აღჭურვილობით, მოწყობილია ვოლიერები ცხოველთა დროებითი იზოლაციისათვის. ხდება ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია, ანტიბაქტერიული ვაქცინაცია, ცხოველთა იდენტიფიკაცია და დანომვრა სპეციალური საყურე ნიშნით. სამსახური, სუბსიდიის ფარგლებში, ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები