პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული მამაკაცი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება მიიღო ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 1983 წელს დაბადებული ვ.ვ., რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული დანაშაულს აღიარებს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.