სამცხე-ჯავახეთში ორ მცირეწლოვანს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი დაუდგინდა
სამცხე-ჯავახეთში ორ არასრულწლოვანს MIS-C, იგივე მულტისისტემური ანთებითი სინდრომი აღმოაჩნდა. ექიმების განცხადებით, აღნიშნული დაავადება იმ პირებს ემართებათ, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი.
ერთ-ერთი ბავშვი ახალციხიდან, მეორე კი ახალქალაქიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ეს სინდრომი მოზარდებს 6 წლიდან ზევით ემართებათ. მათ კორონავირუსი შესაძლოა ისე ჰქონდეთ გადატანილი, რომ არც იცოდნენ.
ჩხაიძე განმარტავს, რომ სინდრომის მქონე მოზარდებს მკურნალობა 2-3 კვირის განმავლობაში სჭირდებათ. პაციენტებს ჰორმონებით, გართულების შემთხვევაში კი ანტისხეულებით მკურნალობენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი სინდრომის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის გაზაფხულზე გავრცელდა. MIS-C–ს შეუძლია იერიში მიიტანოს ერთდროულად ბევრ ორგანოზე და დააზიანოს გულის ფუნქციონირება.