ვლადიმერ ბორცვაძე კასპში დაკავებულ ყოფილ პოლიციელზე: ის რუსეთში გადასვლას ითხოვდა
“მისი მოთხოვნა იყო, სამართალამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ კასპში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, აღელვებული და მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“რამდენიმე საათიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დაკავებულია. ბრალდებულმა მძევლად აიყვანა ორი მოქალაქე, რომელიც რამდნეიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად გაათავისუფლა. მას ბრალად ედება მძევლად აყვანა, იგი იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და იყო აღელვებული. ეს ოპერატიული ღონისძიებები გატარდა მაქსიმალურად ისე, რომ არ დაზიანებულიყო არცერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მისი მოთხოვნა იყო, სამართალამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეს და ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით და ჰქონდა პრეტენზიები კონკრეტული ადამიანების მიმართ და ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება. დღევანდელი მოქმედების მოტივი გამოძიების საგანია. იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მან 2018 წელს დატოვა პოლიციიის რიგები პირადი პატაკის საფუძველზე”- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.