ირაკლი კობახიძე: ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს – ამ გამოწვევაზე პასუხი გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა უნდა იყოს
მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მან 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა, – ასე დაიწყო ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვა პარტიის ყრილობაზე.
„დღემდე, ის იყო თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე, ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან, პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს პარტიის თავმჯდომარედ წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერ- მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური საბჭოს, ამ პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას გიხდით ყრილობის დელეგატებს და ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს ჩემთვის გამოცხადებული ესოდენ მაღალი ნდობისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.