ქუთაისში გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამართულ შეხვედრას თეა წულუკიანი დაესწრო
ქუთაისში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. სხდომას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ასევე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.
მხარეები ყურადღებას რეაბილიტაციის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზეც გაამახვილებენ. შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელიც ძეგლის დაზიანებებს შეისწავლის.სამუშაო შეხვედრამდე კომიტეტის წევრები გელათში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ და ძეგლი დაათვალიერეს.
“კომიტეტმა კენჭი უყარა დადგენილებას, რომელშიც მოცემულია მრავალი რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსადმი და კერძო კომპანიისადმი, დაწყებული იქიდან, რომ ზოგიერთი ღარები დასალუქია და პირდაპირ კედელზე არ უნდა იღვრებოდეს წყლის ჭავლი, რომელიც მე-12 საუკუნის ქვებს აზიანებს. დაწყებული ასეთი თითქოს და მარტივი საკითხებიდან, დასრულებული იმ რეკომენდაციებით, რომ კვლევის გრაფიკი უნდა შემუშავდეს”,- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ ხუთშაბათს სპეცტექნიკით აღჭურვილი ჯგუფი საეჭვო ადგილს დაათვალიერებს, რის შემდგომაც კონკრეტული ხარვეზების შესახებ გახდება ცნობილი.
“შემდგომ ხუთშაბათს ჩამოდის ჯგუფი, რომელი სპეცტექნიკით, კაი ამინდი იქნება იმიტომ, რომ ძალიან სახიფათოა სპეცტექნიკის გარეშე სახურავზე ასვლა. დაივლიან ყველა იმ ადგილს რა ადგილიც არის საეჭვო, საიდანაც ჩადიოდა და ჩადის წყალი, შემდგომ კი გვეცოდინება უკვე კონკრეტული ხარვეზები” – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.