ნინო წილოსანი: ერთმანეთს აღუთქვეს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან, ასეთი გაუგებრობა აღარ მოხდეს

კონფლიქტი ამოწურულია, მხარეებმა გაცვალეს თავიანთი სურვილები, რომ გააგრძელონ თანაცხოვრება მეგობრულ გარემოში – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ნინო წილოსანმა ბუკნარში, ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნინო წილოსანი შეხვედრას დადებითად აფასებს. წილოსანის შეფასებით, ადგილობრივებს შორის დაპირისპირება იყო სამარცხვინო და მსგავსი არათუ კონკრეტული სოფლის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ უნდა განმეორდეს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც ადგილობრივი, როგორც მუსლიმი, ისე ქრისტიანი თემის წარმომადგენლები, და ჩვენ, ამ მოლაპარაკებებში ჩართული ადამიანები სახელმწიფოს წარმომადგენლები, თუ რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები, ვესწრებოდით. მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარის მიერ გაცხადებული პოზიცია, რომ მსგავსი დაპირისპირება არ ყოფილა არასდროს და არ უნდა მოხდეს მომავალშიც. ის, რომ ერთი-ორი ადამიანის მიერ მოხდა კონკრეტული ინციდენტის პროვოცირება, რომელმაც შემდგომ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო, არ ვიცი, ვიღაც სხვა პირების მონდომებით და ჩართულობით გადაიზარდა ამ ნამდვილად გულდასაწყვეტ და სამარცხვინო დაპირისპირებაში, ეს არის აღმოფხვრილი, მოსახლეობამ ერთმანეთში გაცვალა პოზიციები და რაც მთავარია, ერთმანეთს აღუთქვეს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ასეთი გაუგებრობა აღარ მოხდეს. ჩვენი ისტორია, რომელიც მდიდარია სხვადასხვა რელიგიებს შორის ადამიანების ერთად ცხოვრებით და ტოლერანტობით, გაგრძელდება ისევე, როგორც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. თითოეული დღე ამ კონფლიქტის არის დაუშვებელი, დღეს ეს კონფლიქტი ამოწურულია, მხარეებმა გაცვალეს თავიანთი სურვილები, რომ გააგრძელონ თანაცხოვრება მეგობრულ გარემოში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები