ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეებ ცალ-ცალკე წარმოებაში მიიღო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრლდებული ბადრის ესებუას საქმე და  მისი ძმის ბიძინა ესებუას საქმე ცალ-ცალკე წარმოებაში მიიღო. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ბიძინა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქმეებს ცალკე განიხილავენ, თუ ბადრი ესებუას საქმესთან ერთად.

“პროკურატურამ თვითონ გამოყო ბადრის საქმიდან ბიძინას საქმე. ასე გადაწყვიტეს. ეს მათი დისკრეციაა და აქ ვერ შეედავები”, – განმარტა იოსებ ჯანაშიამ.

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომის თარიღის 30 დღით გახანგრძლივება მოითხოვა, რადგან მტკიებულებების მოსაპოვებლად სხვა შემთხვევაში დრო არასაკმარისი იქნებოდა.

სხდომა 19 თებერვალს გაიმართება.

სასამართლომ იმსჯელა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზეც, თუმცა ბიძინა ესებუა კვლავ პატიმრობაში დარჩა.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ვრალდებულის ძმა ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, ამასთან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები.

ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი “საქართველოს ბანკში” შეიჭრა. თავდამსხმელმა ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყვეების დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. მათი ინფორმაციით, ის ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მცხოვრები, 32 წლის ბადრი ესებუაა. უწყება საქმეს 236-ე, 323-ე, 329 – ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა – შენახვას და ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები