შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები: სამღვდელოება ჩავიდა ბუკნარში ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში – საუბარმა შედეგი გამოიღო
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამღვდელოება ჩავიდა ბუკნარში ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში – საუბარმა შედეგი გამოიღო და მეორე დღეს მოხდა შერიგება.
“სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე.
რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან – ზოტიდან და სხვა სოფლებიდან – 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად.
რადგანაც უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში. საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, მათ შორის, გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის, ერთობა, ძმობა და სიყვარული ღვთის მადლით მომავალშიც გამტკიცდება, ამინ”, -აღნიშნულია შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში, რომელსაც “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.