მამა შოთა ორველაშვილი – ბუკნარის დაპირისპირებაზე: ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა – ვფიქრობ, ამ სიტუაციას ვიღაცები მართავენ
“ზოგადად, 21-ე საუკუნეში ამ თემის წამოწევა არ შეიძლება, მკრეხელობაა”, – ასე შეაფასა “კვირასთან” საუბრისას კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შოთა ორველაშვილმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება.
მამა შოთა ორველაშვილი მიიჩნევს, რომ დაპირისპირების უკან გარკვეული ძალები დგანან და პრობლემის მოგვარებაში პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
“ზოგადად, 21-ე საუკუნეში ამ თემის წამოწევა არ შეიძლება, მკრეხელობაა. მსოფლიოში ასეთი ვითარებაა, კავკასიაშიც გარკვეული პოლიტიკური პროცესები და გადანაწილებები მიმდინარეობს, ჩვენთან კიდევ ასეთი დაპირისპირება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ვიღაცები მართავენ ამ სიტუაციას, ამის უკან ნებისმიერი ძალა შეიძლება, იდგეს. ჩვენც ადამიანები ვართ, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, უშიშროების ორგანოებს ეკისრება, მათ უნდა დაარეგულირონ ეს საკითხი”, – განაცხადა მამა შოთა ორველაშვილმა.
სოფელში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მუსლიმების თქმით, რამდენიმე თვის წინ ამ სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. გუშინ სოფელში კონფლიქტი მოხდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
დღეს სოფელ ბუკნარში აჭარიდან მუსლიმები ჩავიდნენ და ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადეს.