ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი: სამლოცველო სახლთან მინარეთის აშენება და ხმის გამაძლიერებელი სისტემის დამონტაჟება არ იგეგმება
გურიის სოფელ ბუკნარში, იქ სადაც რელიგიური დაპირისპირება მოხდა, ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ჩავიდა. ასლან ბერიძე დაპირისპირებაში მონაწილე მუსლიმ თემს უსმენს.
მისი თქმით, პარასკევის ლოცვა ყოველკვირეულად ჩატარდება და ეს ხელს არავის შეუშლის. მუფთი ასევე განმარტავს, რომ სამლოცველო სახლთან მინარეთის აშენება და ხმის გამაძლიერებელი სისტემის დამონტაჟება არ იგეგმება.
“პარასკეობით ლოცვა აუცილებლად შესასრულებელია ერთად, ჯგუფურად. ჯგუფური ლოცვისთვის აუცილებლად გამოსაყენებელია ერთი ადგილი. აქ ლოცვა არ გაჩერდება. ლოცვა გაგრძელდეს, არავის არაფერს უშლის. აქ ატრიბუტი არ აქვს, მინარეთი არ აქვს, მოწოდება არ აქვს ისეთი, რომ ვინმეს ხელი შეეშალოს. მოდის ადამიანი 10-15 წუთით, რომ ილოცოს და წავიდეს,“ – ამბობს ქობულეთისა და გურიის მუფთი, ასლან ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ გურიის სოფელ ბუკნარში მართლამდიდებელ ქრისტიანებსა და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს გამწვავდა. ადგილობრივი ქრისტიანები მინარეთის აშენებასა და ხმის გამაძლიერებლების დაყენებას აპროტესტებენ. თავის მხრივ მუსლიმი მოსახლეობა განმარტავს, რომ სახლი, მხოლოდ სალოცავად გამოიყენება და მსგავსი მშენებლობა არ იგეგმება.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ჩოხატაურის მერიაში შეხვედრაც უნდა გამართულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ გუშინ მომხდარმა ფაქტმა მოლაპარაკებები გაართულა.
მოლაპარაკებები გაართულა.
“ეს შეხვედრა, მე ვთვლი, რომ ყველა ვარიანტში გაიმართება, მაგრამ სად გაიმართება, ამაზე ჩამოვყალიბდებით. აქამდე ეს კონფლიქტი არ იყო, ეს იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირადად მე, დაახლოებით, 7 შეხვედრა მაქვს ჩატარებული ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ სოფლის ქრისტიანული და მუსულმანური თემის წარმომადგენლებთან. არის საკითხები, რაზეც თანხმდებოდნენ, არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმება მიღწეული. სამწუხაროდ, გუშინ მოხდა ინციდენტი, ამან გაართულა მოლაპარაკებები,“ – თქვა ირაკლი კუჭავამ.