საქართველოს პროკურატურა: გარდაბანში მომხდარ გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის რაიონში მომხდარი ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე ვ.ზ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, ც.ა.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის, სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-სა და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი – ც.ა. ჩაერთო. ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. ვ.ზ. საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ც.ა.-ს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
ვ.ზ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები