პაატა იმნაძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ 1-ელი თებერვლიდან ბიზნესების გახსნა 5-ათასიან მაჩვენებელს არ დაგვიბრუნებს
“ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ 1-ელი თებერვლიდან ბიზნესების გახსნა 5-ათასიან მაჩვენებელს არ დაგვიბრუნებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების განმავლობაში 8%-ზე ჩამოვიდა (დადებითობის მაჩვენებელი). ანუ 19 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქედან, რაც იყო დადებითი, არის დაახლოებით 8%. ეს პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით 10%-ზე დაბლა, ეს არის საიმედო მაჩვენებელი. მაგრამ, თავისთავად, 1 600 როდესაც არის ავადობა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 100-200 შემთხვევიდან 2 თვეში ავედით 5 ათასამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ 1-ლი თებერვლიდან, როცა გაიხსნება ბიზნესები და ბევრი გაიხსნება, ეს არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავუბრუნდეთ დღეში 5-ათასიან მაჩვენებელს“, – განაცხადა იმნაძემ.
მანამდე, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.