კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე – ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ბუკნარში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე, მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მუსულმანები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწოვანია.
სოფელ ბუკნარის მოსახლეობას შორის დაპირისპირება სახლს უკავშირდება, სადაც მუსლიმები ლოცულობდნენ. ამ ფაქტის გამო, ადგილობრივი ქრისტიანები პრეტენზიას გამოთქვამენ.
„სოფელ ბუკნარში, მუსლიმა მოქალაქეებმა იყიდეს სახლი, სადაც ყოველ პარასკევს ატარებდნენ ლოცვას. სოფელში არის წინააღმდეგობა სალოცავთან დაკავშირებით. ბოლო სამი კვირის განმავლობაში არის შეხვედრები და ვცდილობთ, რომ ეს საკითხი ოპტიმალურად მოგვარდეს. ასეთი შეხვედრა დღესაც იყო გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად. მიუხედავად მოლაპარაკებებისა, სოფლის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ინციდენტი დასრულებულია და ხვალისთვის დაგეგმილია მორიგი შეხვედრა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ.