მაღალმთიან აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ქედის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა. შესაბამისად, მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით.
ხულოში, სოფელ საციხურში ადიდებულმა მდინარემ დიდაჭარა-საციხური-გელაურის
საავტომობილო გზა დაზიანდა, რომლითაც ხუთი სოფელი სარგებელობს.
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც.
ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში საცხოვრებელ სახლებთან. მცირე მეწყერები განვითარდა ასევე შიდა სასოფლო გზებზე.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით იწმინდება გზები. სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები ადგილზე მუშაობენ.