გარდაბანში, მამაკაცმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, 15 წლის გოგონა გაიტაცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგოს – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, 4 პირი: 1997 წელს დაბადებული ე.ბ., 1978 წელს დაბადებული ც.ა., 1974 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები