„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყრილობა შაბათს გაიმართება. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც.
„დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ“, – განაცხადა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.