ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო
ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც, მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო, ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა. ეს კომპლექსი მოძალადეებს დღემდე გამოყვათ და სწორედ ამიტომ იყო ბიძინა ივანიშვილი მათი სიცრუის მანქანის მთავარი სამიზნე მთელი ამ წლების განმავლობაში, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პოლიტიკიდან წასვლით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი ძალაუფლება არასოდეს ყოფილა და მისი ინტერესი „ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო“.
„მან საზოგადოებას აჩვენა იმის მაგალითი, რომ სიმართლე აუცილებლად იმარჯვებს სიცრუესა და ბოროტებაზე. პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო. სწორედ ამ სულისკვეთებით შეიტანა მან დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დაამკვიდრა ახალი კონსტიტუციური წესრიგი“, – წერს კობახიძე Facebook-ზე.