სამეგრელოში ხანძრის 3 კერა ლიკვიდირებულია
სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის სამი კერა ლიკვიდირებულია, ამ დრომდე რჩება ხანძრის ერთი აქტიური კერა.
წალენჯიხის მერის, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. წალენჯიხის მერის ინფორმაციითვე, ტყის ხანძრების დროული ქრობა რთული რელიეფისა და მძიმე ბუნებრივი პირობების გამო უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.
თუ რა ფართობზეა წიწვოვანი ხეები და ტყის მასივი დამწვარი ჯერ-ჯერობით უცნობია. ტყის ხანძრების გაჩენის მიზეზად, სავარაუდოდ დაუდევრობა სახელდება.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.