სამეგრელოში 40 აქტიური ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების უწყვეტი მუშაობის შედეგად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 40 აქტიური, მინდვრის ხანძრიდან 28 კერა ლიკვიდირებულია და 2 ლოკალიზებული. დარჩენილია 10 კერა, რომელზეც მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დარჩენილ კერებზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
“სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 161 მეხანძრე-მაშველის გარდა, ადგილზე მობილიზებულია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის მეხანძრე-მაშველების 90აკაციანი ჯგუფი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
სამეგრელოს გარდა, ეკალბარდი იწვის იმერეთსა და გურიაში. იმერეთში, სოფელ მაღლაკში, ხოლო გურიაში – სოფელ ლესასთან, ნაგომართან და გაგურთან. აღნიშნულ ხანძრებზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან, მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.