მალხაზ თორია სამეგრელოში 40-ზე მეტ ადგილას გაჩენილ ხანძარზე: დროული რეაგირების გამო მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია რეგიონში დღის განმავლობაში 40-ზე მეტ ლოკაციაზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა და მეხანძრე-მაშველებს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ყველა ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები.

“ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს. სამწუხაროდ, სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლიც. ამ დროისთვის გვაქვს 19 აქტიური კერა, ლოკალიზებულია 8 ლოკაცია და ლიკვიდირებულია 11 ლოკაციაზე ცეცხლი.

ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს. ყველა ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს როგორც სალოკალიზაციო, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოები. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან მოხდა დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება. ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს თუმცა ჩვენი მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც სახეზე გვაქვს” , – განაცხადა მალხაზ თორიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მრავალწლიან ნარგავებსაც, ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც გარკვეულ უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ბრიგადების მუშაობის შედეგად ელექტრომომარაგება ადმინისტრაციულ ერთეულებს აღუდგა. ამჟამად რეგიონის ხუთი სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები