“გმირობის ტოლფასია მათი თავდაუზოგავი შრომა” – ცაგერელმა მეფუტკრეებმა მედიკოსებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში მომუშავე მედიკოსებს საოჯახო მეურნეობაში წარმოებული თაფლი საახალწლო საჩუქრად გადასცეს. როგორც მცირე მეწარმეები – ბონდო ხეცურიანი და მისი რძალი ახალგაზრდა მეფუტკრე მარიამ ბენდელიანი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, პანდემიის პირობებში მართალია ბევრი სამსახური ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ჯანდაცვის მუშაკებს გაზრდილი პასუხისმგებლობითა და შემართებით უწევთ საქმიანობა.
„გმირობის ტოლფასია მათი თავდაუზოგავი შრომა, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაურჩენია მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებას. მედიკოსთა იმედზე ვართ და მათ ვანდობთ ჩვენს ჯანმრთელობას. ოჯახმა ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ – მცირედი საახალწლო საჩუქარი გაგვეკეთებინა მედმუშაკებისათვის და საახალწლოდ ჩვენს საოჯახო მეურნეობაში წარმოებული თაფლი მივაწოდეთ ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის მუშაკებს. ამით ჩვენი მადლიერება და თანადგომა გამოვხატეთ მათ მიმართ“,-განაცხადეს მეფუტკრეებმა.
ბონდო ხეცურიანის თქმით, ლეჩხუმელი თაფლის მწარმოებლები ხშირად ეწევიან საქველმოქმედო აქციებს და პანდემიის პირველი ტალღის დროსაც ლეჩხუმელმა მეფუტკრებმა, მათ შორის მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა („მადლიანი თაკვერი“, „ხვამლი 2014“, „უცქერი“) თაფლი შეაგროვეს და სპეციალური საჭიროების ოჯახებს მიაწოდეს.