თელავში საპროტესტო კარავში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსსკ- ის 187- ე მუხლით დაიწყო, რასაც აქტივისტები არ ეთანხმებიან.
როგორც ისინი ” რეგიონულ კვირასთან” აცხადებენ, საქმე ტერორიზმის ბრალდებით უნდა განიხილოს,
აქტივისტები, რომლებიც ინციდენტის დროს კარავში იმყოფებოდნენ, აღნიშნავენ, რომ დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობასაც იღებდნენ.
” რა თქმა უნდა გვქონდა პოლიციასთან ურთიერთობაც, დაკითხვაზეც ვიყავით, აქაც იყვნენ მოსულები, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტს ვაძლევთ ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას”,- აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.
როგორც ” რეგიონულ კვირას ” შსს- ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ცალკე ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება დაიწყო და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
” ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ცალკე ადმინისტრაციული წესით სამართალწარმოება დაიწყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება ავტომობილს, მას სამართალდამცველებმა შემთხვევიდან მალევე, თელავის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მიაკვლიეს. ავტომობილი გადაყვანილია და ამჟამად დგას საჯარიმო სადგომზე.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ავტომობილის მძღოლის იდენტიფიცირება.
ჩატარდა მძღოლის, მისი მგზავრების და კარავში მყოფი პირების გამოკითხვები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, კარავში მყოფი პირების მიერ ამოცნობილი ავტომობილის მძღოლი, იგივე პირია, რომლის იდენტიფიცირებაც პოლიციის მიერ უკვე მოხდენილი იყო”,- განაცხადეს შსს- ში.
აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რომ ინციდენტში რამდენიმე ადამიანი არასწორად დაადანაშაულეს.
” სოციალური ქსელით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება ეს პიროვნებები ყოფილიყვნენ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ არ იყვნენ ის პირივნებები არანაირ კავშირში ინციდენტთან, ცოტა უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდით ჩვენ ამ პიროვნებებთან”,- ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი ” რეგიონულ კვირასთან” .
თელავში, პირველ იანვარს მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.