ნინოწმინდაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში მკვლელობა დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 32 წლის ადგილობრივი.
მკვლელობა ახალი წლის ღამეს მოხდა.
„ნასვამები იყვნენ ალბათ ახალი წელია და დალიეს. შემდეგ ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, ამის შემდეგ გასროლის ხმაც გავიგეთ. სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“,- განუცხადეს „რეგიონულ კვირას“ სოფელ სათხეში.
32 წლის მამაკაცი სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. როგორც სამცხე–ჯავახეთის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი, დავით მერაბიშვილი აცხადებს, 32 წლის მამაკაცს ორი ჭრილობა აქვს ერთი ხელზე, მეორე კი მუცლის ღრუში.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.