საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2020 წელი შეაჯამა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წელს აჯამებს და წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“2020 წელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და მთელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მეხანძრე-მაშველებმა შეასრულეს 45 000-ზე მეტი დავალება. მათ შორის – 15 000 მეტი სახანძრო და 30 000 მეტი სამაშველო. გადაარჩინეს რამდენიმე ასეული სიცოცხლე ხანძრების, ავტოსაგზაო შემთხვევისა თუ საზღვაო სეზონის დროს. მეხანძრე-მაშველები აქტიურად იყვნენ ჩართულები კოვიდ – პანდემიასთან ბრძოლაში: მარნეულში ერთ ღამეში მოაწყვეს, 100 მოქალაქეზე გათვლილი, საველე ჰოსპიტალი, ეხმარებოდნენ ექიმებს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების გადაადგილებაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კი, მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩების დეზინფექციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოწვევების პარალელურად განაგრძობს ყოველდღიურ გაძლიერებას და განვითარებას. 2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალები გაძლიერდა 50-ზე მეტი ერთეული ახალი ტექნიკით, ხოლო 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო სპეც მანქანა განახლდა, რითაც გაიზარდა რეგიონებში შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანობა. აშენდა სამი ახალი შენობა ბორჯომში, ანაკლიასა და წალენჯიხაში. ზაფხულში ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი, შემოდგომაზე სახანძრო-სამაშველო ძალების პირად შემადგენლობას სრულად მიენიჭა ოფიცრის წოდება. შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ცვლაში მყოფ პირად შემადგენლობას დაენიშნა ყოველდღიური კვება, 100 პროცენტით გაიზარდა მყვინთავი მაშველების ხელფასი.

2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მსხვერპლი არ ყოფილა, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. ასევე, საამაყოა სახანძრო-სამაშველო ძალების შევსება, ჩვენს რიგებს არაერთი ახალი მეხანძრე-მაშველი შეემატა.

განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები არის იმის საფუძველი, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეული თანამშრომელი მომავალშიც თავდადებით გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვას”, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები