“ოცნებები ხდება” – რა საჩუქარი გაუკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა იყალთოში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს

“ოცნებები ხდება” ასე დაიწყო საუბარი„ რეგიონულ კვირასთან” 3 შვილიშვილის ბებიამ.
ისტორია მძიმედ იწყება… ერთი წლის წინ, 2019 წლის აგვისტოს თვეში 8-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა და ცხოვრებამ ოჯახის წევრები სხვა რეალობის წინაშე დააყენა.
6 წლის ალქესანდრე, 5 წლის მათე და 3 წლის ბარბარე, თავიათ სახლში გაჩენილ ხანძარს საკუთარი თვალებით ხედავდნენ და დახმარების სათხოვნელად მისულ მეზობლებს, არსად მიჰყვებოდნენ. როგორც ბებია, მანანა ლაცაბიძე გვიყვება, ბავშვების ფსიქიკა ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა და მათ ადამიანების მიმართ უნდობლობა გაუჩინა.
„ როცა სახლი იწვოდა, ბავშვები უყურებდენ ყველაფერს, მეზობლები მიდიოდნენ მათთან და თხოვდნენ, გაყოლოდნენ, თუმცა ბავშვები შეშინებულები იყვნენ და დედას ეკვროდნენ, არსად წავიდნენ, ბოლომდე უყურეს როგორ განადგურდა ჩვენი სახლი და ამის შემდეგ ისინი, გარკვეული პერიოდი და დღემდეც კი, სტრესულ სიტუაციაში არიან“,- ამბობს მანანა ლაცაბიძე.
„ოცნებები ხდებაო“ დაუბრუნდა პირვანდელ ფრაზას ოჯახის უხუცესი და ამბის ნათელ მხარეზე, წინასაახალწლოდ მათთვის ნამდვილ სასწაულზე, ასრულებულ ნატვრაზე გვესაუბრება.

ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად, კარი გაიღო და ფორმით შემოსილი ადამიანები გამოჩნდენ, ოღონდ ამჯერად, მეხანძრე-მაშველებს მათთვის უამრავი სიურპრიზი მიეტანათ. საკვები პროდუქტი, ტკბილეული, ჰიგიენის ნივთები და რაც მთავარია, სათამაშოები, რომლებზეც ბავშვები ასე ოცნებობდნენ და სურვილების ახდენას თოვლის პაპისგან ელოდნენ. მანანა ბებომ კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წინა საახალწლო დახმარება დიდი სიხარულით გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ქმედება მათნაირი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს.
„ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, ძალიან გაგვახარეს და გაგვაბედნიერეს, საკვები პროდუქტი, ტკბილეული, ჰიგიენის საშუალებები და ბავშვებისთვის სათამაშოები მოგვიტანეს, პატარა ბარბარე ხელს უქნევდა სახანძროებს, როცა ეზოდან გადიოდნენ, ემშვიდობებოდა მათ და საკუთარ სათამაშოებს გულში იხუტებდა, ჩემი რძალი ტიროდა, მოულოდნელი იყო ეს ყოველივე ჩვენთვის და 29 დეკემბერი არასდროს დაგვავიწყდება“,- ამბობს  „რეგიონულ კვირასთან“ მანანა ლაცაბიძე.

ოჯახი სოციალურად დაუცველია, სახლი კი, სადაც დღეს 8 ადამიანი ქირით ცხოვრობს, სოფელ იყალთოში მდებარეობს, ქირის თანხას ადგილობრივი ხელისუფლება იხდის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები