თეა ახვლედიანი – ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მკურნალობის მიზნით, 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვიყვანეთ

პანდემიის დაწყებისთანავე, ჩვენ უმაღლეს დონეზე განვაცხადეთ, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მოსახლეობა არ დარჩებოდა მარტო ამ გამოწვევის პირისპირ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა განმარტა, სახელმწიფო რეფერალური პროგრამით კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო ჯანდაცვის მომსახურებებით 900-მდე პაციენტმა ისარგებლა.

„მთავრობის ეს განცხადება დაუყოვნებლივ გარდაიქმნა კონკრეტულ ქმედებებში, რაც მოიცავდა: კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის აფხაზურ და ოსურ ენებზე გავრცელებას; ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარებას ექიმებს შორის ონლაინ კონსულტაციების და აფხაზეთის რეგიონში ჯანმო-ს ექსპერტების ვიზიტის გზით; სამედიცინო საშუალებების ადგილზე მიწოდებას როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; პაციენტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მკურნალობას. ამ დრომდე მკურნალობის მიზნით მივიღეთ 250-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი; რეკორდულად სწრაფად აღიჭურვა და გაიხსნა რუხის საავადმყოფო; სამწუხაროდ, პანდემიის საპასუხოდ ჩვენს მიერ გაცხადებული ანალოგიური დახმარების განხორციელება დღემდე ვერ ხერხდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის გამო. ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო ჯანდაცვის მომსახურებების მიღებას, რომლითაც წელს 900-მდე პაციენტმა ისარგებლა. გრძელდება ადგილზე სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდებაც და წელს ჯანდაცვის კომპონენტზე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები