გიორგი გახარია: რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება
სულ რაღაც ერთი თვის წინ ინფიცირების გავრცელება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გვქონდა. წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად გარკვეული შედეგები გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეზღუდვები მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ. „დღეს თუ ჩვენ გვაქვს პირბადის ტარება 70%, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა და პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ჰოსპიტალურ სისტემაში დაახლოებით 2 000 თავისუფალი საწოლია.
„თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს. მაგალითად, ეს არის მარტივი წესის დაცვა: პირბადე. რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება და მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.