გიორგი გახარია: საკვები პროდუქტების პირველად წარმოებაში მოქმედ ადგილობრივ კომპანიებს ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ

ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და არსებობს გაზრდილი ტარიფის გადაცემის რისკი მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის ფასზე; ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის საკვები პროდუქტების პირველად ადგილობრივ წარმოებაში, დაუსუბსიდირდება დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის, ნაზარდი ტარიფის 50%, 2021 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, დარწმუნებული იყოს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის საბოლოო ფასზე არ აისახება.

„ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში გუნდთან, გუნდში დიდი დისკუსიების შედეგად. მოგეხსენებათ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სოციალურად ზედმეტ წნეხად არ დააწვეთ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა და მეორე, ადგილობრივ წარმოებას, საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც პირველადი მოხმარების ნებისმიერი სახის საკვებ პროდუქტს აწარმოებენ და ტარიფის ზრდა არ აისახოს საბოლოოდ წარმოებულ პროდუქტზე, რაც, რა თქმა უნდა, ასევე იქნება ზეწოლა ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ გადასახადებზე. რა თქმა უნდა, კონკრეტული ციფრები, რა რაოდენობით თანხა იქნება გამოსაყოფი ქვეყნის ბიუჯეტიდან, ნათელი იქნება ამის შემდგომ, რაც დღეს სემეკი საბოლოო ტარიფებს დაადგენს. მოგეხსენებათ, პარალელურად დღეს პარლამენტში იწყება ბიუჯეტზე მსჯელობა და ჩვენ, პარლამენტარებთან ერთად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები აისახოს საქართველოს ბიუჯეტში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები