„მიუხედავად პანდემიისა, შევძელით ყველა პროექტი მაღალ დონეზე შეგვესრულებინა“ – ბესიკ ამირანაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა
„მიუხედავად პანდემიისა, შევძელით ყველა პროექტი მაღალ დონეზე შეგვესრულებინა“ – ბესიკ ამირანაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა წლიური ანგარიში დღეს ადმინისტრაციულ შენობაში გააკეთა.
მხარის რწმუნებულმა წლიური ანგარიში დეპუტატებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მერებს წარუდგინა.
“დღეს გავმართეთ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც 2021 წელს განსახორციელებელი პროექტები განვიხილეთ. ასევე შევაჯამეთ 2020 წელიც. მინდა ავღნიშნო რომ ამ წელს, ყველა მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 203 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა სახელმწიფოს მიერ. ყველა მუნიციპალიტეტი მოვიცავით. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წყლის საკითხები, გარე განათება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენ დასაწყისისთვის თანხა, რომელიც გვქონდა რეგიონზე გამოყოფილი, დაახლოებით 94%-ით გაიზარდა და ჩენ შევძელით იმ საჭიროებების გადაჭრა, რომელიც მოსახლეობამ დაგვიყენა 2019 წელს“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ბესიკ ამირანაშვილმა.
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2021 წელი წინა წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ.
„რა თქმა უნდა ბევრი პროექტია ჯერ კიდევ გასაკეთებელი, რომელსაც 2021 წელში გავაკეთებთ. მომავალი წელი უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე 2020 წელი. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ შევძელით ყველა დაწყებული პროექტის დასრულება და ყველა მათგანი მაღალი ხარისხით შესრულდა“,- აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრას დეპუტატები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები ესწრებოდნენ.