„მთავრობას ვთხოვთ, დაგვითმონ ღია სივრცეები, სადაც მცირე მეწარმეები გამოფენა-გაყიდვებს მოაწყობენ“

“საქართველოს მეწარმეთა კავშირის” დამფუძნებელი – გოგა ციცქიშვილი, “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი – ლადო სადღობელაშვილი, მეწარმეები – მარიამ მინდორაძე და ეკა დოჯურიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც მცირე მეწარმეებს კოვიდპანდემიის გამო შეექმნათ.
ისინი მთავრობას თხოვნით მიმართავენ, საახალწლოდ ღია სივრცეებში გამოფენა-გაყიდვების მოწყობის უფლება მისცენ და ამისთვის ადგილები დაუთმონ.
„თითქმის 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სხვადასხვა ინიციატივით მივმართეთ მთავრობას, თუმცა, აქამდე, სამწუხაროდ, პასუხი არ ჩანს. ახალი წელი მოახლოებულია, თუ ეს გამოფენები, რომელსაც ვაანონსებდით, არ გაიმართება, კრიზისულ მდგომაროებაში აღმოჩნდება ადგილობრივი მცირე მეწარმეობა. ვინაიდან მათი პროდუქცია თემატურია, ახალი წლისთვისაა დამზადებული, ისინი უბრალოდ ან გადასაყრელი, ან მომდევნო ახალ წლამდე შესანახი გაუხდებათ. მთავრობისგან ვითხოვთ, დაგვითმონ ღია სივრცეები, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ჩვენივე ინვენტარით უზრუნველვყოფთ გამოფენა-გაყიდვების მოწყობას ყველა რეგულაციის, რეკომენდაციის დაცვით.
ვიმედოვნებ, რომ მთავრობა მოგვისმენს, დაგვეთანხმებიან, ვინაიდან აქ საუბარია იმაზე, რომ მცირე და მიკრო მეწარმეობა გადარჩეს.
ჩვენ გასულ წლებში ვმართავდით გამოფენა- გაყიდვებს, სადაც ადგილობრივი მწარმოებლები მონაწილეობდნენ, მათ წარმოდგენილი ჰქონდათ სასურსათო პროდუქტები, ხელით ნაკეთი ნივთები.
ჩვენი წევრები, ადგილობრივი მეწარმეები მადლობლები ვართ მთავრობის. რა თქმა უნდა, ის 300-ლარიანი დახმარებები ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ეს დახმარებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საკუთარი საქმიანობა არ შეწყვეტონ“, – განაცხადა ციცქიშვილმა.
როგორც პრესკონფერენციაზე “პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, არაა გამორიცხული, აქციებს მიმართონ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები