გიორგი გახარია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე: ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ეს დავალება იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური

ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მისი დავალება მაშინ იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური.

„ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი მოვალეობა. ისევე, როგორც შსს-ს მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელის გარდაუვალობა იყოს აღსრულებული. მერწმუნეთ, რომ შსს ამ დავალებას შეასრულებს თქვენ თუ გგონიათ, რომ მსგავსი საკითხებით რაღაც წინააღმდეგობას გააჩენთ ჩემსა და შს მინისტრს შორის. არ გამოგდით. ჩემი დავალება მაშინ იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. ამასთან ერთად სასჯელის გარდაუვალობა უნდა დადგეს და დადგება ძალიან მალე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახოერციელა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები