შსს გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურის პოვნის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგული სამხედრო მოსამსახურის პოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვნეს.

სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები