გოჩა ენუქიძე: დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებისა და მოქალაქეების ერთიანობით, დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე წინასაახალწლო მიმართვას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება ენუქიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო რაჭველებო, ლეჩხუმლებო, სვანებო!
გასული, 2020 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვისა და რეგიონისთვის.
მიუხედავად გლობალური პანდემიისა, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ქვეყნის სწრაფვა დემოკრატიისკენ არ შეფერხებულა.
2020 წელს, ახალმა პროგრამებმა, რომლებიც სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვა პრიორიტეტების მიმართულებებით განვახორციელეთ, საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, გაგვეუმჯობესებინა. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, რეგიონის მასშტაბით ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრული პროექტი განხორციელდა. პანდემიას დადებითი მხარეებიც ჰქონდა-ხალხმრავალი სოფლები, ახმაურებული სახლები, მოვლილი ეზოები, ახალი ბიზნეს იდეები და მეტი სიყვარული საკუთარი ფუძისა. იგეგმება ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც ჩვენს რეგიონს უფრო ძლიერს გახდის, ამიტომ პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება, უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას უცხადებს ყველა ბიზნეს იდეას. განსაკუთრებული პატივისცემა ჩემგან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მადლობა ექიმებს, ექთნებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღემდე თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ღირსეულად ვუპასუხებთ ამ რთულ გამოწვევას. 2020 წელს, ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიმედოვნებ, მე-10 მოწვევის პარლამენტი ეფექტიანი მუშაობით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებისა და მოქალაქეების ერთიანობით, დემოკრატიულ, გამჭვირვალე და ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ და 2021 წელი ბევრ წარმატებას მოუტანს ჩვენს რეგიონისა და ჩვენს ქვეყანას“,-წერს გოჩა ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები