“ამ ბავშვების გამო დავბრუნდი რაიონში” – ახდენილი ოცნება და მწვრთნელი თეთრიწყაროდან

30 წლის ილიკო მახარობლიძე მწვრთვნელია, რომელმაც საფრანგეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თეთრიწყაროში დასახლება გადაწყვიტა და ფეხბურთის წრე შექმნა. მანამდე თეთრიწყაროში ფეხბურთის გუნდი არ არსებობდა.
ახლა უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ითამაშა, ბოლოს კი მაინც საქართველო არჩია და თეთრიწყაროში დაიდო ბინა.

ახალგაზრდა მწვრთვნელი „რეგიონულ კვირასთან“ ყვება, თუ რატომ და როგორ მოხვდა თეთრიწყაროში, რა სირთულეების გადალახვა მოუწია 4 წლის განმავლობაში.

„იქიდან დავიწყებ, რომ ვთამაშობდი ფინეთში, ლიტვაში ბოლო გაჩერება საფრანგეთი იყო, სადაც სამი წელი ვიცხოვრე და კომპენსაციის სახით 5000 ევრო გადამიხადეს. სწორედ ამ თანხით ჩამოვედი თეთრიწყაროში და გადავწყიტე ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. გავხსენი ფეხბუთის წრე და ბავშვებს ვავარჯიშებ. ჩემამდე თეთრიწყაროში ასეთი რამე არ იყო და ბავშვების მხრიდან იმდენად დადებითი მუხტი და ინტერესი წამოვიდა, რომ მეც უფრო მეტი სტიმული მომეცა. შევიძინე ბავშვებისთვის შესაბამისი ეკიპირება, ბურთები და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც“, – იხსენებს ილიკო.

ყოფილ ფეხბურთელს ბევრი სირთულე შეხვდა, თუმცა მოახერხა დამოუკიდებლად გადაელახა და ბავშვებისთვის გაეხალისებინა თითოეული დღე. იმდენად დიდი იყო ბავშვების რაოდენობა, რომ პატარა სტადიონზე ვერ ეტეოდნენ, სწორედ ამიტომ უფრო მოზრდილი ტენისის მოედანი
საკუთარი სახსრებით გადააკეთა ფეხბურთის სტადიონად და იქ გააგრძელეს ვარჯიშიც.

„გადავაკეთე ტენისის სტადიონი ფეხბურთის მოედნად, გავასუფთავეთ და შეიძლება თამაში. ძალიან გვინდა რომ ეს სტადიონი გადიდდეს, ამის საშუალება ნამდვილად არის. დაიგოს ხელოვნური საფარი და გაკეთდეს განათება, რომ იყოს სავარჯიშო მოედანი ზამთრისთვის, რადგან როცა ხელოვნური საფარია თოვლის გადაწმენდაც ბევრად მარტივია. სამწუხაროდ, ეს პირობები ჯერჯერობით არ გვაქვს და იმედია მომავალში უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან და არ მინდა, ეს ნაპერწკალი რესურსის არ ქონის გამო ჩაუქრეთ“, – ამბობს ილიკო მახარობლიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები