“შობა არის კობი” – ვინ იყო პირველი ქართველი მილიონერი ამერიკაში
გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რაჭაში, სოფელ თხმორში დაიბადა. საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოების შექმნამ ის ახალი წლის სიმბოლოდ და ამერიკაში პირველ ქართველ მილიონერად აქცია.
გრიგოლი 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში გლეხის ოჯახში დაიბადა.
დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო და 10 წლის ასაკში ოჯახიდან ბორჯომში ძმასთან, ლევან კობახიძესთან სამუშაოდ გაიპარა.
1903 წელს მაშინდელ კრასნოდარის გუბერნიაში, მინის ქარხანაში მუშად მოეწყო და იქაურ ქალთან – დაშა ლოდვიკოვასთან ოჯახი შექმნა.
1909 წელს მეუღლესთან ერთად ამერიკაში საცხოვრებლად გადავიდა და რაჭველ მეპურეებს თავი შეაფარა.
1919 წელს მასაჩუსტეტის შტატში ქარხანა გამართა და წარმოება დაიწყო.
1934 წელს მის მიერ წარმოებულ თეთრ სათამაშოებზე „შვლის ნუკრის ნაამბობი“ იყო დატანილი.
უდიდესი ქველმოქმედი იყო -1928 წელს რაჭაში დაბრუნდა, თხმორში სკოლა, აფთიაქი გახსნა, მდინარე შარეულაზე კი 2 ხიდი ააშენა, გახსნა სავაჭრო ადგილები და დაეხმარა ბევრ შეჭირვებულ ოჯახს.
გრიგოლ კობახიძე 1967 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საახალწლო სათამაშოები კი ამერიკის მინის მუზეუმში ინახება.