მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ბოლოს შეიძლება, „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად
მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ბოლოს შეიძლება “ლეგიტიმური მკვლელობები” განიხილონ,- ასე ეხმიანება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია საკუთარი “უგუნური” გადაწყვეტილებების გამო ჩიხშია შესული.
“ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, განსაკუთრებით, „ევროპული საქართველოს“ ოდიოზური ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა ფრაზები – ძალადობა და დაემატა ძალადობას – ლეგიტიმური, მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად. რეალურად გაიხსნა ყველა კარტი, როგორც იტყვიან, მათი საუბრის მთავარი საყრდენი იყო “გაყალბებული არჩევნები” და აღმოჩნდა, რომ არჩევნები კი არა, თურმე, პარალელური დათვლის მონაცემები ყოფილა გაყალბებული, რასაც ისინი ეყრდნობოდნენ და ალბათ წლები გავა და ამას გავიხსენებთ როგორც სკანდალურ და ძალიან ცუდ მოვლენას.
გვახსოვს, ისინი საუბრობდნენ მშვიდობიან ფორმებზე, მოლაპარაკებებზე და როცა ჩიხში შევიდნენ, თავიანთი პოლიტიკურად უგუნური გადაწყვეტილებების გამო, ახლა დაიწყეს ლეგიტიმურ ძალადობაზე თუ რევოლუციაზე საუბარი და “მსხვერპლზე”- ასეთი ტერმინიც ახსენა ბოკერიამ, ამის “გაპრავებით” არიან ახლა დაკავებულები”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ერთადერთი სწორი გზა ვადამდელი, არჩევნებია. “ვისაც ძალაუფლება აქვს ხალხს ეუბნება, რომ არჩევნებს ვაუქმებ, რჩება 2 სცენარი, ან დიქტატურისკენ სვლის შეგუება ან ლეგიტიმური რევოლუცია, პირველი კატასტროფაა და არც მეორე გვსურს, გვსურს ვადამდელი არჩევნები,”- აცხადებს ბოკერია.
ნიკა მელიას განცხადებით კი, “როცა ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, სასამართლო აღარ არსებობს, საზოგადოების პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში”.