საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განიხილა უსაფრთხოების ის შესაძლო მექანიზმები, რომლებიც, ამ სავაჭრო ობიექტების 24 დეკემბრიდან გახსნის შემთხვევაში პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
შეხვედრას მინისტრთან ერთად ასევე ესწრებოდა ბიზნეს-ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
„სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხები, რა თქმა უნდა, წყდება სხვა დონეზე – საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა თავად სავაჭრო ობიექტებისგან, შოპინგ-მოლებისგან, თუ რამდენად მზად არიან ისინი, რომ 24 დეკემბერს გახსნის შემთხვევაში, არ დაუშვან ობიექტების ზედმეტი გადატვირთვა; ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები; აჟიოტაჟური მოხმარება, რისი მომსწრეებიც, სამწუხაროდ, ნოემბერში გავხდით. მათგან მოწოდებულ ყველა არგუმენტს, რა თქმა უნდა, მოვახსენებ უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, შეხვედრის მონაწილე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა გამოხატეს ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა. როგორც თურნავამ აღნიშნა, მათგან მოისმინა სხვადასხვა ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართონ დღის განმავლობაში მომხმარებლის ქცევა.
„ჩვენთვის, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დიდი ინდუსტრია – ვაჭრობა, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და მათი შემოსავლები დიდად არის დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ვუფრთხილდებით იმ პირველ მონაპოვარს, რაც მოიტანა წერტილოვანმა შეზღუდვებმა – ვხედავთ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმა ახლა უფრო შვებით ამოისუნთქა და ნაკლებია გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მაღაზიების გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება-მინიმიზაციაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა. დღევანდელი ამოცანა იყო მოგვესმინა ინფორმაცია კონკრეტული მექანიზმების შესახებ, ჩვენც შევთავაზეთ მათ მოსაზრებები. ეს ამოცანა შესრულებულია, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ჯამში, ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბრიდან გაიხსნება მოლები”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.