“წელს დანაშაული შემცირდა 10 %-ით, გარკვეულ დანაშაულებზე გვაქვს მატება” – ვახტანგ გომელაური

გასულ წელთან შედარებით 2020 წელს დანაშაული 10%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გარკვეული დანაშაულების სტატისტიკა გაზრდილია, მათ შორის, ოჯახური ძალადობა და მკვლელობა.

“2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 ე.წ. კანონიერი ქურდი; ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაწერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულ იქნა 49 პირი, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დაკავებულია 71 პირი. საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობაში ჩართული 16 პირი; დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბოტექსი“/“სუბოქსინი“; 6,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ალბათ, ყველას გახსოვთ საგანგებო მდგომარეობის დროს ჩატარებული, გახმაურებული სპეცოპერაცია ბათუმში, როცა ჩვენმა სამსახურებმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით ამოიღეს 40 კგ „ჰეროინი“, რომლის საბაზრო ღირებულება „შავ ბაზარზე“ 2-მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს იყო წარმატებული ოპერაცია საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა, პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5%-ით, მკვლელობამ 11-%-ით იმატა, რაც 7 – ერთეულით მეტია.

იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა. აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა -42%; გამოძალვა -34%; ძარცვა -25%; ქურდობა -12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%, მკვლელობის მცდელობა -5%. თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები