ლადო მგალობლიშვილი: ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს აჭარაში დესტრუქცია
„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი ლევან ვარშალომიძე მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს აჭარაში დესტრუქცია, – ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა სხდომაზე განაცხადა. ასე ის მოძრაობა „ალტერნატივას“ აქციას გამოეხმაურა, რომელიც საბჭოს შენობასთან მიმდინარეობს.
„მარგინალური ჯგუფი, რომელიც ქვემოთ იმყოფება, დადის რამდენიმე დღეა ჩვენს სახლებთან და პირდაპირ ადგილი აქვს კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, საცხოვრებლებზე ცდილობენ იერიშის მიტანას. ეს არის სამარცხვინო საქციელი, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ეს არ მიკვირს. მაგრამ 21-ე საუკუნეა და იქნებ ჩახედოს ვარშალომიძემ კალენდარში და გასცეს ბრძანება, რომ იქნებ შეწყვიტოს სამარცხვინო ქმედებები“, – განაცხადა მგალობლოშვილმა.
მართველი გუნდის წევრების სახლებთან „ალერნატივას“ მიერ გამართულ აქციებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეც გამოეხმაურა.
„უნდა გამოვეხმაურო და არ გაგიკვირდეთ, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მრავალჯერ გავიმეორებ, ეს არის ოჯახებში და სახლებში მოვარდნები. სამწუხაროა, რომ ვერც ერთი იმ პიროვნების შეფასება ვერ მოვისმინე, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, არა აქვს მნიშვნელობა, ის რიგითი მოქალაქეა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოპონენტია თუ არა, ეს არ არის ნორმალური მოვლენა. დღეს თუ დავით გაბაიძის, ლადო მგალობლიშვილის და სხვების ეზოში მიდის ეს ხალხი, ხვალ, შესაძლებელია, თქვენ მოგივარდეთ და არ არის ეს ის პრეცენდენტი, რომელიც უნდა დავნერგოთ. ვიცი რომ მაქვს თმენის ვალდებულება და არანაირი ზედმეტი რეაქცია არ მქონია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღოსთვის არ არის ეს სასარგებლო და როდესაც ვიღაც წუხს, რომ ვიღაცის ბავშვები ამერიკიდან იყურებიან და წუხან ოჯახთან დაკავშირებით, ჩვენც გვყავს ბავშვები და ლატარიაში მოგებული ოჯახის წევრები არავის არ გვყავს. ყველა განიცდის ოჯახის წევრზე, ყველაფერს აქვს საზღვარი, აქ რაც უნდა ის აკეთონ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა გაბაიძემ.
სხდომის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია აქციას მართავს