“თითოეულ ბავშვზე 70-ლარიანი პაკეტი მომზადდა“ – ცაგერში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს პროდუქტს გადასცემენ
ცაგერის მუნიციპალიტეტში მოქმედ 16 საბავშვო ბაღს 251 აღსაზრდელზე ნოემბერსა და დეკემბერში დასარიგებელი პროდუქცია გადაეცა. როგორც ადგილობრივი სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა „რეგიონულ კვირასთან” განაცხადა, მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო დაწესებულებებმა პანდემიის გამო მუშაობა ნოემბრის დასაწყისში შეაჩერეს.
„დღეს ადგილობრივი მერიის შესაბამისი სამსახურებისა და სკოლამდელთა სააღმზრდელო დაწესებულების ერთობლივი შეთანხმებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ის პროდუქცია შევიტანეთ, რომელიც აღსაზრდელებს ნოემბრისა და დეკემბრის თვეში უნდა მიეღოთ. ერთ ბავშვზე 70 ლარიანი პაკეტი დამზადდა, ჯამში 251 აღსაზრდელზე გაანგარიშებით ამ პროდუქტზე სახელმწიფომ 18.000 ათასი ლარი დახარჯა“,-განაცხადა მარინა ბურჯალიანმა.
მისივე განმარტებით პაკეტში შაქარი, კარაქი, ზეთი, კვერცხი, საქონლის ახალი ხორცი, ქათმის ფილე, კარტოფილი, ორცხობილა და ბურღულეული შედის.
ბაღებისთვის პროდუქტის გადაცემის პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
მათი თქმით, სააგენტო მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში დოკუმენტურ რევიზიებს ახორციელებს.
“ჩვენ ვახდენთ სურსათის ვარგისიანობის, ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადების შემოწმებას, ვესაუბრებით მიმწოდებლებს და ვახდენთ მონიტორიგს“, – განაცხადეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს მხარის წარმომადგენლებმა.
საბავშვო ბაღებში შეტანილი პროდუქციის დაფასოება ბაღებში მომუშავე პერსონალმა უკვე დაიწყო, დახარისხებული ულუფები მშობლებს სააღმზრდელო დაწესებულებებში უსაფრთხოების ყველა წესით დღესვე დაურიგდება.