ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან – ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ
ხმაური და დაპირისპირება იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან. ერთმანეთს მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიციის მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დახვდნენ და მოღალატე უწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მმართველი გუნდის წევრებმა კი აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს.
„არჩევნების გაყალბებაზე „ნაციონალური მოძრაობა საუბრობს და მათთან შემავალი პარტიები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.