“შეზღუდული ადამიანში არაფერია” – ხელოვანი ონიდან, რომელმაც ახალი სიცოცხლე 30 წლის ასაკში დაიწყო

ია ალიბეგაშვილი ონში დაიბადა და გაიზარდა, როგორც ონელი გოგონა „რეგიონულ კვირასთან“ ჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე 35 წლისაა, მისი ცხოვრება საინტერესო მხოლოდ იმის მერე გახდა, რაც 5 წლის წინ ონში მცირე თექის საწარმო „ედენა“ გაიხსნა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახერხა.
„მანამდე ძალიან ჩვეულებრივად და უინტერესოდ ვცხოვრობდი, იმის გამო, რომ შშმ პირი ვარ, მთელი ეს წლები საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებით ვიყავი დაკავებული“,-იხსენებს ია. მერე ყველაფერი შემთხვევით მოხდა, ნახა, რომ საწარმოში თექაზე მუშაობის მსურველებს იწვევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ ამბობს, მანამდე არანაირი შეხება ამ სფეროსთან და არც ხატვასთან არასოდეს ჰქონია, მაინც წავიდა.
„თავიდან ხუთნი ვიყავით, ახლა უკვე ოცნი გავხდით, საკუთარი ოჯახის წევრად მიმიღეს და „ედენა“ ჩემთვის მთელი ცხოვრება გახდა“,-ამბობს და თავის ნამუშევრებს სიამაყით გვიჩვენებს.

მუშაობს თექაზე, ბატიკაზე, მინანქარზე, ქარგავს და თავის ძველ ნოსტალგიას და ახალ ხალისიან ცხოვრებას ხან თექაში შესრულებულ ონის ძველი შენობების ნამუშევრებში, ხანაც საახალწლო თოვლის ბაბუების, ანგელოზებისა და პატარა, ნათელი სახლების კეთებაში აქსოვს.
„ ჩემი ყველაზე საყვარელი ნამუშევარი ლადო გუდიაშვილის “ოთხხელა ქალია“, ძველი ონის სახლებში ბავშვობის მეხსიერებაში შემორჩენილი ებრაელთა რუხი სახლები ჩავდე, ახლა საახალწლო ანგელოზებზე ვმუშაობ, დაგვაფინანსეს და ერთი წელია მაღაზია -„ეთნო სახლი“ გავხსენით გოგონებმა, შემკვეთებიც ბევრი გვყავს და ნამუშევრებიც კარგად იყიდება“,-გვიყვება და თან იმასაც აღნიშნავს, რომ მისთვის ამ ყველაფრის შექმნა მატერიალური ღირებულებების მატარებელი სულაც არაა, უფრო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და სხვებისთვის იმის მაგალითის ჩვენებაა, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა.
„ მთავარი მონდომებაა, შეზღუდული ადამიანში არაფერია, ყველას უზარმაზარი შესაძლებლობები გაგვაჩნია და თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა“,-ასეთ ოპტიმისტურ ნოტაზე გვემშვიდობება ხელოვანი გოგონა ია ალიბეგაშვილი ონიდან.

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები