რუსთავში სასურსათო კალათების დარიგების კამპანია გრძელდება
რუსთავში სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში მოხალისეების სტატუსით
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ჩაერთნენ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა და რუსთავის მერმა, სასურსათო პაკეტები ოჯახებში პირადად მიიტანეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, აღნიშნული პროექტით ბევრი ოჯახი მიიღებს დახმარებას.
„მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით სასურსათო კალათების დარიგებას განვახორციელებთ და ვიქნებით ჩართული როგორც მოხალისეები. რაოდენობრივად მოცულობა დიდია, იმიტომ რომ ყველა კატეგორიასთან ჩვენ სახლში მიგვაქვს სასურსათო კალათი. ამიტომ მე და ქალბატონმა ნინომ გადავწყვიტეთ მოხალისეებად ჩავრთულიყავით აღნიშნულ პროექტში“,- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის დახმარებას 8000-მდე შეჭირვებული ოჯახი- სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, ასევე მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა დედები, მარტოხელა მოხუცები, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ვეტერანები მიიღებენ. ამავე კატეგორიის რუსთაველი ოჯახები სარგებლებენ იმ ქველმოქმედებით, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლების და საზოგადოება ,,რუსთაველების“ ორგანიზებით, პარალელურად მიმდინარეობს. სურსათით დახმარების კამპანიის პირველ ეტაპს, რუსთავის მერია კვირის ბოლომდე დაასრულებს.