ახალციხის ციხის ისტორია – ფოტორეპორტაჟი
ახალციხის ციხე, ქალაქის ისტორიულ უბანში, „რაბათში“ მდებარეობს. ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს რეგიონის ცენტრია.
რაბათის ციხე ახალციხის ციხე-კომპლექსის ნაწილია, რომელიც შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ის იყო რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა და მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. ისტორიკოსების ინფორმაციით, ახალციხის ციხე საუკუნეების მანძილზე რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდნენ.
“ქალაქი ახალციხე IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ლომსია დაურქმევია. ახალციხე XIII – XIV საუკუნეთა მიჯნიდან მოყოლებული, სამცხის მთავართა (ჯაყელთა) საჯდომი და მთელი სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქი იყო. ახალციხის დაწინაურება იმ ხანებში დაიწყო, როცა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო უკვე რღვევას იწყებდა, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი ძლიერდებოდნენ“,- განუცხადა რეგიონულ კვირას“ ისტორიკოსმა, ხათუნა მამულაშვილმა.
ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“. 2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
ციხე ორი ნაწილისგან შედგება. ზედა ნაწილში ძირითადად ისტორიული ნაგებობებია განთავსებული: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეშია; ასევე, მეჩეთი, მედრესე, მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი, დილეგები და ამფითეატრი. ქვედა ციხე კი, უმეტესად მომსახურების ობიექტებს უკავია – სასტუმრო, რესტორანი, ორი კაფე-ბარი, ქორწინების სახლი, ღვინის მარანი და მაღაზიები. აქვეა საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის და ადმინისტრაციის შენობა.
ახალციხის ციხის ცენტრში შეხვდებით მეჩეთსაც, როგორც ისტორიკოსები აცხადებენ, ის ქართველმა არქიტექტორმა ააშენა. ოსტატმა მეჩეთი სტამბოლში მდგარ წმინდა სოფიას ტაძარს მიამსგავსა, ფაშა ჩანაფიქრს მიუხვდა და სიცოცხლეს გამოასალმა.
ცნობისთვის, ახალციხის ციხეს რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა. აქ შესვლა და ღირსშესანიშნაობების დათალიერება ფასიანია. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო, ახალციხის ციხე დამთვალიერებელს რამდენიმე თვეა ვეღარ იღებს.