ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მზიური ძაძუას 28 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება
ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილი ოჯახს შორის, რომელთაც ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ, ერთ-ერთი ოჩამჩირედან დევნილი 68 წლის პენსიონერი მზიუირი ძაძუაა.
მან დევნილობის 28 წელი ზუგდიდის ერთ-ერთ ბაღში გაატარა, სადაც მაშინდელმა ბაღის გამგემ ოკუპანტებს გამოქცეული დევნილები შეიფარა.
„ვარ დევნილი ოჩამჩირიდან. ცუდი მდგომარეობა გადავიტანეთ, მაგრამ რაც იყო, იყო. ყველაფერი იქ დავტოვე, სახლის გასაღებიც არ წამომიღია, ვიფიქრე, კარი რატომ დამიმტვრიონ-მეთქი. დაბრუნებას ველოდი და ველი დღემდე. ზუგდიდებელებს ვუხდი მადლობას, იმიტომ, რომ მიგვიღეს. ჩვენ არავის არ დავუპატიჟებივართ აქ, ყველა შევაწუხეთ. 40 წლის ვიყავი იქიდან რომ გამოგვყარეს და იმის შემდეგ აქ ვცხოვრობ. არც პირობები, არც აბანო, არაფერი ჩვენთვის არ იყო. პურის რიგებში ვიდექით და კილომეტრებს გავდიოდით ცივ ზამთარში“, – იხსენებს მზიური ძაძუა.
ამბობს, რომ 28-წლიანი ლოდინი ღირდა, რადგან სახელმწიფოსგან ნაჩუქარმა ბინამ მის მოლოდინს გადააჭარბა.
68 წლის პენსიონერი ამბობს, რომ ოცნებების ახდენას ასაკი არ ჰქონია. იგი 2021 წელს მრავალწლიანი ნატვრის შემდეგ ახალ, კეთილმოწყობილ ბინაში შეხვდება, სადაც სამზარეულო, საწოლი ოთახი და აბაზანაც ექნება.
„ყველაფერი ერთბაშად ვერ იქნება. ყველა დევნილი, ვინც ელოდება სახლს ვეტყვი, რომ აუცილებლად მიიღებენ ისინი ბინებს. რადგან ვხედავ, რაც კეთდება და ამ მთავრობის იმედი მაქვს. მჯერა ყველა დევნილი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით“, – აღნიშნა მან.
ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა დაიხურა.
დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დამატებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.
ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა.