გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 10-მდე პირი დაიკითხება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 10-მდე პირი დაიკითხება, მათ შორის არის გიორგი შაქარაშვილი მეგობარი ლუკა გოგავა, რომლის წელის ჩანთაც გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალების დღეს ეკეთა.
როგორც გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხებიან არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, კინოლოგი და გამომძიებლები.
„დღეს გავაგრძელებთ გიორგი შაქარაშვილის მეგობრის დაკითხვას. ასევე, დაიკითხებიან გამომძიებლები, არასრულწლოვანი უკვე მსჯავრდებულები, რომლებიც „მერსედესის” მარკის ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. დაიკითხება კინოლოგი ექსპერტი, რომლის მონაწილეობითაც ძაღლი კვალზე ჩავიდა მდინარის ნაპირზე, იმ გზაზე სადაც ბოლოს დაინახეს გიორგი შაქარაშვილი”,-განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
როგორც გიორგი შაქარაშვილი საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გუშინ, შაქარაშვილის მეგობარმა, ლუკა გოგავამ დაკითხვისას განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილი ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პიროვნება იყო ვისაც ის იცნობდა, ასევე განმარტა, რომ შაქარაშვილმა ცურვა არ იცოდა.
„გუშინ პროცესზე დაიწყო გიორგი შაქარაშვილის მეგობრის ლუკა გოგავას დაკითხვა, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის პიროვნებაზე ისაუბრა. განმარტა ის, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პიროვნება, ვისაც იცნობს. ეს არ იყოს სუბიექტური განცხადება. მან ისაუბრა, იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილმა არ იცოდა ცურვა, მან განმარტა რომ წყალში არ შევიდოდა თავისი ნებით”,-განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღესაც გრძელდება.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.
არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს